მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტო გალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

სიმფონური მუსიკა

 

ბ. კვერნაძის მუსიკის თვითმყოფადობას განსაზღვრავს  არაჩვეულებრივი ნიჭი,  ეროვნული,  ხალხური და პროფესიული მუსიკის ტრადიციებისა და XX საუკუნის მხატვრული  მონაპოვრის  ორგანული  სინთეზი. მის  სტილში  მკაფიოდ  იგრძნობა ევროპული ჟანრებისა და ფორმების გამომსახველ  საშუალებათა  კანონზომიერებების  გარდატეხა  ეროვნული  მუსიკალური  ხელოვნების  თავისებურებათა  ნიადაგზე.  კომპოზიტორი მჭიდრო კავშირშია თანამედროვე  მუსიკალურ  ძიებებთან.

 ბ.  კვერნაძის  მიდგომა  ფოლკლორული  მასალისადმი  პირველწყაროს სხვადასხვაგვარ ტრანსფორმაციაში ვლინდება. მისთვის ძირითადი საყრდენი რიტმულ­ინტონაციურად  გამახვილებული ჟღერადობის, პოლიფონიური პრინციპებით  გამორჩეული  დასავლეთ  საქართველოს  (იმერულ­გურულ­ აჭარული) სიმღერებია. მეტრული ცვალებადობის სიხშირე,   რითაც გამოირჩევა ქართული ხალხური მუსიკა, აქტიურადაა  გამოყენებული  კომპოზიტორის  ნაწარმოებებში,   რაც  ბევრად განსაზღვრავს მის მუსიკალურ სახეთა სიმკვეთრეს,   ეროვნულ,  ასევე  ჟანრულ  კოლორიტს.  როგორც  წმინდა,   ისე  მაჟორულ­მინორულ  და  ქრომატიულ  სისტემასთან  შერწყმული სახითაა წარმოდგენილი ქართული ხალხური  მრავალხმიანი მუსიკისათვის ესოდენ ბუნებრივი დიატონური  კილოები (ეოლიური, დორიული,  მიქსოლიდიური,  ფრიგიული),   არატერციული  სტრუქტურის  აკორდები,     კადანსები.  ქართული  ხალხური და პროფესიული მუსიკის მდიდარი ტრადიციები  ის საფუძველია,  რაზედაც აღმოცენებულია კომპოზიტორის  შემოქმედებითი მემკვიდრეობა. მისთვის უაღრესად თაყვან­ საცემია ზ. ფალიაშვილი: „მთელი მისი სულიერი სამყარო  მიმართული იყო იქით,  რომ შეექმნა ეროვნული მუსიკალური  ნაწარმოები,   მან  იდეალურად  შეძლო  ეს  და  ამიტომ  მონუმენტივით დგას ჩვენს მუსიკალურ სამყაროში“.

თუ კომპოზიტორის შემოქმედების საფუძველს წარმოადგენს,  ერთი მხრივ, მდიდარი ეროვნული ტრადიციები, მეორე  მხრივ,  მისთვის  ახლობელია  XX  საუკუნის  ევროპული  (ფრანგული) მუსიკის საუკეთესო მიღწევები (კ. დებიუსი,მ. რაველი,  ა. ონეგერი),  აგრეთვე,  ი. სტრავინსკის,  ბ. ბარტოკის,  ს. პროკოფიევის შემოქმედება.

 გ.  ორჯონიკიძის  სიტყვებით  თუ  ვისარგებლებთ,     „ბ. კვერნაძის  მნიშვნელობის არსებითი  მსაზღვრელი  მის  პოეტიკაში უნდა ვეძიოთ... ბ. კვერნაძის მუსიკის პოეტური  ბუნება, უპირველეს ყოვლისა,   ვლინდება ამაღლებული საწყი­ სის  განსაკუთრებულ გრძნობაში,   როდესაც უაღრესად თბილი    და კონტაქტაბელური ინტონაცია თავისუფლდება ყოფითისა  და  ეთნოგრაფიულისაგან,  გარდაისახება  მაღალი  ოცნების  ტონალობაში. ხალხური ხელოვნებისაგან იგი ინარჩუნებს  სახასიათოსა და თვითმყოფადობას,  საესტრადოსაგან კი ღია  ემოციურობას, რომანტიკულ ინტიმურობას.“

  ბ.  კვერნაძის  ერთიანი  სტილი  თავის  ფარგლებში  განიცდის  შინაგან  ევოლუციას  შემოქმედების  სხვადასხვა  ეტაპზე. ისევე,  როგორც სხვა კომპოზიტორების,  მისი სტილიც  მრავალწახნაგოვნებით  გამოირჩევა.  ის  ხასიათდება  ესთეტიკური,   მსოფლმხედველობრივი,   შინაარსობრივი  მრავალფეროვნებით,  ფორმებისა  და  ჟანრების  ფართო  დიაპაზონით.

კომპოზიტორისათვის  ახლობელია  როგორც  ძველი  ბერძენი (ჰერაკლიტე, ზენონი,  პლატონი),  ისე მისი თანამედროვე  ფილოსოფოსების შეხედულებები. მშვენიერების ასახვა მისი  შემოქმედების ქვაკუთხედია. მის შემოქმედებას ახასიათებს  ღია,  ნათელი  ფერები,  სიცოცხლის  დამამკვიდრებელი  ტონუსი.

 ბ. კვერნაძისათვის განსაკუთრებული საგანძურია პოეზია, პოეტური სიტყვა მას ახლო სამყაროს მიაგნებინებს ხოლმე.  ის თაყვანს სცემს როგორც გ. ტაბიძეს და გ. ლეონიძეს,   ისე მ. ცვეტაევას,  მ. ბულგაკოვს,  ა. ახმატოვას. აღსანიშნავია  ყურადღება  უ.  შექსპირის  (მუსიკა  სპექტაკლისათვის „ჯარისკაცი ჯარისკაცია“) მიმართ, ანუ ბ. კვერნაძე არ იფარგლება  მხოლოდ  ეროვნული  თემატიკითა  და  სახეებით,   იჩენს  ჭეშმარიტ ინტერესს სხვა ერების კულტურის მიმართ.

 

<<< უკან

 

 

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz