მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტო გალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

ო ჯ ა ხ ი

ნესტან (ნუგეშა) მესხი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორი

  ორმოც წელზე მეტია,  ბატონ ბიძინას გვერდს უმშვენებს  ქალბატონი ნესტან (ნუგეშა)  მესხი,   რომელიც თბილისის    ვ. სარაჯიშვილის  სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორიის  საფორტეპიანო კათედრის პროფესორია. ჰყავთ ორი შვილი  და სამი შვილიშვილი. ვაჟი - გოგი და მისი მეუღლე - მაკა  მხატვრები  არიან,   ქალიშვილი  თამარი  ფილოლოგია,   სიძე,  გაგა კიკნაძე კი - არქიტექტორი. სწორედ შვილების  ინიციატივით მოხდა ამ რამდენიმე  ხნის  წინ  მშობლების  ჯვრისწერა.

 ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ბატონ ბიძინასა და ქალბატონ ნუგეშას გაცნობას საფუძველი ჩაუყარა ყველასთვის  საყვარელმა  მერი  დავითაშვილმა.  შევეხმიანე  ქალბატონ  მერის  და  ისიც  სიამოვნებით  დამთანხმდა  შეხვედრაზე.  ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა,  როდესაც მაგიდაზე  ნუგეშას  პატარაობის  სურათები  დამახვედრა,   რომელიც  საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული.

 აი,  რა მიამბო საქართველოს სახალხო არტისტმა,  რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, თბილისის ვ. სარაჯიშვილის  სახელობის  სახელმწიფო  კონსერვატორიის  პროფესორმა,   ბ. კვერნაძე ოჯახთან ერთად კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა:

 “ბიძინა გავიცანი თბილისში კომპოზიტორთა კავშირში.  ის  ძალიან  ნიჭიერი  მუსიკოსია.  იმ  თაობის კომპოზიტორთაგან  მას უსათუოდ გამოვარჩევ,  რადგან სამოღვაწეო ასპარეზზე  გამოჩენისთანავე მიიპყრო ყველას ყურადღება.

 ბიძინა არის ჩემი უმცროსი ძმა. ეს,  იცით,  რას ნიშნავს?  სანამ ბიძინა ცოლს შეირთავდა,  ჩვენი ოჯახის ხშირი და  ძალზე სასურველი სტუმარი იყო.

 ერთ დღეს ჩვეულებრივ გვესტუმრა. მე და ჩემი მეუღლე  გივი დოლიძე კი საღამოს მატარებლით მივემგზავრებოდით  ქუთაისში  ჩემი  თანაკლასელების  შეკრება­შეხვედრაზე.  ბიძინაც თან წავიყვანეთ.

   ქუთაისთან დაკავშირებით შესანიშნავი მოგონება მაქვს.  30­იან წლებში  ჩემმა  მშობლებმა თბილისი დატოვეს და  მცირე  ხნით  გადასახლდნენ  ქუთაისში.  იქ  მამა  (ექიმი  გახლდათ)  სამუშაოდ  გააგზავნეს.  ამ  მიზეზით  მე,   ათი  წლის  გოგონა,   მოვხვდი  უმშვენიერეს  ქართულ  ქალაქში,   საქართველოს უძველეს დედაქალაქში,  რომელიც ჩემი მეორე  მშობლიური  ქალაქი  გახდა.  აქ  საუკეთესო შვიდი  წელი  გავატარე.

ქალაქი  უძველესი  ტრადიციებით  ცხოვრობდა.  ხალხი  -  საოცრად  თვინიერი,   ზრდილობიანი,  ტკბილმოუბარი,   კულტურის დიდი თაყვანისმცემელი.  ეს იყო მარადმწვანე  ბაღებში ჩაფლული,  საოცრად მშვიდი და ლამაზი ქალაქი,   თავისი კოპწია, ეკლარის თეთრი ქვით ნაშენი ძველისძველი  სახლებით,   ვიწრო,  მიხვეულ­მოხვეული,   მოკირწყლული  ქუჩაბანდებით,  მთაზე  ბაგრატის  დიდებული  ტაძრის  ნანგრევებით. 

 მე შემიყვანეს ქუთაისის  I სანიმუშო  სკოლაში,  რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, მოთავსებული იყო  წმინდა  ნინოს  გიმნაზიის  შენობაში.  ჩემი  თანაკლასელი  იყო ნუგეშას ძმა,  თენგიზ მესხი (შემდგომში ის ცნობილი  ექიმი გახდა და მოღვაწეობდა რუსეთში, ხოლო მისი ვაჟი  მამისა და ბაბუის კვალს გაჰყვა და ამჟამად ცხოვრობს და  მუშაობს ინგლისში).

ნუგეშას  მამა  -  აპოლონ  მესხი,   რომელიც  წლების  განმავლობაში  მოსკოვში  ცხოვრობდა  და  მოღვაწეობდა  (მოგვიანებით ის ქუთაისში დაბრუნდა), მამაჩემის კოლეგა  და მეგობარი იყო. ჩვენს ოჯახებს მეგობრული ურთიერთობა  ჰქონდათ და იყო დიდი მისვლა­მოსვლა. ბატონი აპოლონი  შესანიშნავი  გარეგნობისა  და  გემოვნების  კაცი  გახლდათ,   გამოირჩეოდა  არაჩვეულებრივი  სტუმართმოყვარეობით.    ს. რიხტერი,  ჰ. ნეიჰაუზი,  ლ. ქუთათელაძე, პ. სერებრიაკოვი,   ფილატოვი,  იუდინი,  ვოვსი და სხვები,  მათი ოჯახის სტუმრები  იყვნენ.

მე­9 კლასში ვიყავით,  როცა ნუგეშა მოევლინა ქვეყანას. ეს იყო მთელი ჩვენი კლასის სიხარული. არაჩვეულებრივად  ნიჭიერი,   საზრიანი  ბავშვი  გახლდათ.  წერდა  ლექსებს,     კარგად  სწავლობდა  მუსიკას,   სადაც  კი  წავიდოდით,   თან  დაგვყავდა. 

მესხების  ოჯახი  ცხოვრობდა  ქუთაისის  ერთ­ერთ  გამორჩეულ  სახლში,   რომელიც  იტალიელი  არქიტექტორების მიერ იყო აშენებული.

 როგორც ზემოთ მოგახსენეთ,  მე,  ჩემი მეუღლე და ბიძინა ამ სახლის სტუმრები გახლდით ჩემს თანაკლასელებთან  ერთად. ეს იყო 1958 წელი. 

უნდა გამოვტყდე,  რომ ბიძინა,  ეს უცხო კაცი,  მაშინვე ყველას  ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა,  განსაკუთრებით მოეწონა ის  დეიდა თამარს - ნუგეშას დედას,  ეს კი მთავარი იყო.

ასე აღმოჩნდა ბიძინა მესხების ოჯახში პირველად. მე  განსაკუთრებით  მახარებს  ის,  რომ  ბიძინას  სამაგალითო  ოჯახი აქვს და ამაში ლომის წილი ნუგეშას მიუძღვის”.         

 “...ნუგეშა, ანუ ნესტანი, როგორც ოფიციალურად ჰქვია,   ნამდვილად მოწოდებით მუსიკოსია...

ახლა  ვლინდება,   რომ  ჩვენ  წლების  განმავლობაში  ერთმანეთზე  უნებურად  საკმაო  ზეგავლენას  ვახდენდით  (ალბათ,   უფრო დადებითს). ადრე მე ძალიან მიჭირდა, შევგუებოდი,   რომ ჩემი მუშაობის პროცესს,  ვინც უნდა ყოფილიყო,  თუნ­ დაც სამზარეულოდან ისმენდა.  ამას  ისიც განაპირობებდა,   რომ 34 წლამდე საერთოდ მარტო ვცხოვრობდი. ამიტომ  ჩემს ნაწარმოებებს პირდაპირ პრემიერებზე ეცნობოდა, რასაც,   გასაგებია, მისი მღელვარებაც ერთვოდა.  

კაცია და გუნება - ჩვენს რეზო ლაღიძეს უყვარდა  შექმნის პროცესში ნაწარმოების ჩვენება, ლამის მონაწილედ  გაგხდიდა,   ამიტომ  ნუგეშა უფრო  ხშირად  მისი  პირველი  მსმენელი იყო.

   ხელს გიშლისო? 

 შემოქმედებაში  - პირიქით!  ისე,   ზოგ  რაღაცეებს  ნამდვილად მიშლის, ბუგრიმოვაა... მე ვეუბნები, ტოლსტოი  რომ ყოფილიყავი,  “ვოინა ი მირს”­ს კი არ დაწერდი, არამედ  “ვოინა ი ვოინას”­ მეთქი.

 მე  მას  მივუძღვენი  “შუშანიკის  წამება”,  რაც  სიამოვნებით  მიიღო...  და  მიპასუხა:  რატომაც  არა,   მოდელი მე ვიყავიო”

 

მამაც ჩემნაირია

გიორგი (გოგი) კვერნაძე

 

  “...კომპოზიტორთა სახლში გავიზარდე. თითქმის ყველა  ქართული  მუსიკის  ლეგენდა  ამ  სახლში  ცხოვრობდა  - რეზო ლაღიძე,  შოთა მილორავა,  სულხან ცინცაძე,  ნიკოლოზ  გუდიაშვილი,  ალექსანდრე შავერზაშვილი და სხვები. სულ  ბოჰემური სიტუაცია იყო.  არ  არსებობდა,   მთელ  ამოდენა  სახლში  ვინმე  9  საათზე  ამდგარიყო  და  სამსახურში  წასულიყო.  ვისაც  როდის  უნდოდა,   მაშინ  დგებოდა  და  მიდიოდა. 12 საათიდან იწყებოდა გაღვიძება. მახსოვს,  ბატონ  კოკა გუდიაშვილის უფროსი ქალიშვილი, ელისო, გათხოვდა  ცნობილ მეცნიერზე,  გ. აგლაძეზე. სიძეს მანქანა ჰყავდა. 9  საათზე,   მისთვის ჩვეულებრივ დროს სამსახურში წასასვ­ ლელად მანქანა რომ დაქოქა, ჩვენი კორპუსიდან მილიციაში  დარეკეს,  ეგონათ,  მანქანას იპარავდნენ. თავისუფლებას ისე  ვარ მიჩვეული, ვერაფერში გავცვლი და სულ მიკვირს იმ  ხალხის,  ვინც  რაღაც სამსახურით არის  დაკავებული და  შეუძლია,   წლობით  ერთი  და იგივე  რამ  აკეთოს...  მამაც  ჩემნაირია, მიდიოდა ხან ბორჯომში, ხან - ბაკურიანში, ხან -  სად. ახლა უკვე ასაკშია და ვეღარ ახერხებს. დაიკარგებოდა  რამდენიმე  ხნით  და  მერე  ჩამოდიოდა  და  წერდა.  ამაში  ძალიან  ვგავართ  ერთმანეთს...  მარტოობაში მოდის  ფანტაზია.  მარტო  უნდა  იყო,   რომ  შენი  ფანტაზია  გაფილტრო  და  ისე  დაალაგო,  როგორც საჭიროა...”

 ...გოგი კვერნაძემ სამხატვრო  აკადემია დაამთავრა. გამოფენები  ჰქონდა  თბილისში,   ნორვეგიაში,   ავსტრიაში,  მოსკოვში...

 ...გოგის  მეუღლე,   მაკა  კიტოვანი, ასევე მხატვარია. გოგი  სამხატვრო აკადემიაში გაიცნო  და  3  თვეში  ცოლად  გაჰყვა.  მაკა და გოგი მათ  ერთი  შვილი  ჰყავთ  -  ბიძინა  კვერნაძე­უმცროსი,   ისიც  ხატვითაა  გატაცებული,   სამხატვრო  აკადემიაში  სწავლობს...

 “...ბიძინა უფრო გრაფიკოსია, მხატვრობა კი გადაწყვიტა,   მაგრამ არ დაიშტამპოს,  - მიაჩნია გოგის,  - რომ ვუყურებ,   ჩემი ხელი აქვს. მეც ვუკრავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მამაჩემის  ხელწერა  მომყვება.  მიუხედავად იმისა,   რომ  ნოტებიც  კი  არ ვიცი, მაინც  მისი  ხელწერა მაქვს და იმიტომ  უფრო  არ  გავყევი  მუსიკას.  მესამეხარისხოვანი  კომპოზიტორი  თუ  იქნები,  ჯობია, სულ არაფერი დაწერო. ჩემი  შვილიც  უნდა ასცდეს იმას,  რომ ჩემი ხელწერა აიღოს, თორემ რა  დონეზეც უნდა ხატავდე, თუ საკუთარი ხელწერა არ გაქვს,   მხატვარი არ გქვია... თუ შენს თავში დარწმუნებული არ  ხარ,   რას  დახატავ?!  ისედაც  რთულია  ეს  პროცესი  და  თუ  შეშინებული  ხატავ,   არაფერი  გამოგივა...  მხატვრობა  ხომ  მუსიკაა,   მხატვრობაში  შედის  მუსიკაც,  პოეზიაც  და  ლიტერატურაც. ნახატსაც აქვს თავისი რიტმი,  ჟღერადობა.  ვერ  ვმღერი, ხმა არ  მაქვს.  4 კლასი  გავიარე  მუსიკაში,   მგონი,  მაშინ ყველასთვის სავალდებულო იყო. მერე აღარ  მომინდა. მიხვდნენ, რომ ჩემთან ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა  - რაც არ მინდა, იმას არ გავაკეთებ. ბავშვობიდან მიყვარდა  ხატვა, ამისთვის დავიბადე. მგონია, რომ მხატვარი ჩემთან  ერთად დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან ერთად  იქნება... 

...რისი დახატვა მიყვარს? - იმისი,  რაც არ არსებობს  და არა რაც არსებობს და ფოტოაპარატი იღებს. პრინციპში,   ყველაფერი  არსებობს,  მაგრამ  ბევრისთვის  ეს  უხილავია.  თუ მხატვარი არ ხარ, ვერ დაინახავ... ინფორმაცია ძილშიც  მოდის და ცხადშიც. ზოგჯერ ადამიანი მელაპარაკება და  სულ სხვაგან ვარ,  გონებით ვხატავ. მხატვრობა მხოლოდ  ფუნჯის ქნევა არ არის,  ტვინით უნდა ხატო. თუ გონება  არ არის გულთან და თვალთან გაერთიანებული,  ნახატიც  არ გამოვა და პროფესიონალიც მაშინვე მიხვდება,  სად არის  შეცდომა... 

 

თამარ (ფისასო) კვერნაძე

 ა რ ა ს დ რ ო ს  გ ა ნ ი კ ი თ ხ ა ვ ს  ს ხ ვ ა ს

 

ბიძინაზე ხშირად ვფიქრობ, ალბათ, იმიტომ,  რომ ძალიან  მინდა ვგავდე. უბრალოდ,  მინდა ვიცხოვრო ისეთივე წესით,   პრინციპით, ეთიკით,  რაც მას ახასიათებს.

როდესაც ქალბატონმა ეთერმა მთხოვა, რაიმე დამეწერა  მამაზე, მივხვდი,  ეს არცთუ ისე ადვილი იქნებოდა, რადგან  ვიცოდი,   რომ  ჩემი  დამოკიდებულებით  ბიძინას  მიმართ  ვერაფრით ვიქნებოდი მოკრძალებული. როგორც ჩანს,  ამის  გადალახვა გარდაუვალია.

 ბიძინას, მგონი,  არასოდეს განუცდია ბრძოლა საკუთარ  თავში მრავალ უარყოფით საწყისთან. ალბათ,  უბრალოდ არ  იკარებს მას.  ის მშვიდად რეაგირებს  ხოლმე ცხოვრების  სირთულეებზე და არასდროს განიკითხავს სხვას. მე ბიძინა  არ მახსოვს ვინმეზე გაბრაზებულიც კი.

შვილებთან  დამოკიდებულებაში  ძალიან  რბილი  და  ბუნებრივია.  არასდროს  ერეოდა  ჩვენს  ცხოვრებაში.  პატარა რომ ვიყავი ვხვდებოდი,  რომ რაღაცით სხვებისგან  განსხვავებული მამა იყო. არანაირი მითითებები,  საყვედურები,   მე  კი,   როგორც  ყველა  ბავშვს,  მინდოდა,   რომ  უფრო    ყურადღებიანი  ყოფილიყო  ჩვენს  მიმართ,   სხვა  მამებივით  დაინტერესებული  ჩვენი  ყოველდღიურობით  თუ  მო­ მავლით.  ახლა კი ვხვდები,   მიუხედავად იმისა,  რომ  მისი    დამოკიდებულება ჩვენ მიმართ არასდროს გამოიხატებოდა  განსაკუთრებულ  მზრუნველობაში,   ჩვენ  მისი  სიყვარული  არასდროს გვაკლდა. ეს არ იყო მისი,  როგორც მშობლის  ტაქტიკა,  ბიძინა უბრალოდ ასეთია - საოცრად დელიკატური  და არანაირად მესაკუთრე,  თუნდაც შვილების მიმართ. ალბათ,  სწორედ ამიტომაა, რომ  ჩვენს ურთიერთობას ყოველთვის  თან  ახლავს  სრული  გაგება  და  სილაღე.  ასეთივეა  შვილიშვილებთანაც.

გულწრფელად უნდა გითხრათ,  რომ სრულიად მაოცებს  მისი  თანდაყოლილი  სულის  სიმშვიდე  და  სისუფთავე,   ცხოვრების  წესი,  დამოკიდებულება  ადამიანებისა და სიცოცხლის მიმართ. ალბათ,  არის რაღაც განსაკუთრებული  თვისებები,   რომლის  საკუთარ  თავში  აღზრდაც  ძალიან  ძნელია,   ეს  კი  ბიძინას მარტივად  ებოძა  ბუნებისაგან.  ეს  ბედნიერი  თვისება  განსაკუთრებულ  იუმორთან  ერთად,   ვფიქრობ,  თავად მას და ირგვლივ ყველას უადვილებს და  უხალისებს ცხოვრებას.                    

 2003 წელს ქართულმა საზოგადოებამ ფართოდ აღნიშნა  კომპოზიტორის 75­ე წლისთავი. ბიძინა კვერნაძე პირველი  ქართველი კომპოზიტორია,  რომლის სახელობის ვარსკვლავი  გაიხსნა  თბილისობის  დახურვის  ცერემონიალზე  2003  წლის  26  ოქტომბერს  ფილარმონიის  დიდი  საკონცერტო  დარბაზის წინ. 

 

 

შვილიშვილები

 

 

<<< უკან

 

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz