|
ნოდარ
მამისაშვილი
იშვიათი
გამონაკლისი
ბიძინა
კვერნაძე ქართულ პროფესიულ მუსიკაში ყველაზე კოლორიტულ
პიროვნებად მიმაჩნია. მისი მახვილსიტყვაობა ვინმეს რომ
ჩაეწერა, ალბათ, პატარა წიგნსაც კი გამოუშვებდა ბიძინას
ნაკვესების სახელწოდებით. ზოგჯერ ბიძინას იუმორი ისე
ბუნებრივ ყოფაში იბადება, რომ ჯერ მსმენელი იცინის და
ბოლოს მთქმელიც გაიაზრებს ხოლმე, რომ სასაცილო რამ თქვა.
ასე უერთდება ავტორი მის მიერვე შექმნილ განწყობას. ყველაზე
საინტერესო კი სწორედ ის არის, რომ მისი მუსიკაც ასევე
ბუნებრივად, ასევე გულწრფელ უბრალოებაში იბადება.
ბ.
კვერნაძეს, როგორც კომპოზიტორს, სასიამოვნო დებიუტი
ჰქონია სტუდენტობაშიც და საკომპოზიციო შემოქმედების
პირველივე პერიოდშიც. იგი ჩვენი მუსიკალური საზოგადოების
ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთი მხრივ, დადებითი
მნიშვნელობის ფაქტი გახლდათ, რადგან ავტორს კრიტიკა არ
ბორკავდა და საშუალებას აძლევდა, მეტი თავისუფლებით
ეწარმოებინა ძიებანი საკუთარი შემოქმედებითი მეს
ჩამოყალიბების გზაზე, მეორე მხრივ კი, ასეთი ყურადღება
მაგონებს ერთ ყოფიერ ეპიზოდს, როცა ადამიანთა გარკვეულ
ჯგუფს გასაცნობად წარუდგენენ ახალგაზრდას და დაინტერესებული
პირები იწყებენ ფიქრს, დედას ჰგავს თუ მამას, ან ბებიას,
პაპას, ძმას, დას, არადა, იქნებ, ის, ბოლოს და ბოლოს,
თავის თავს ჰგავს და არა ვის სხვას. ასე იყო ბიძინას
მიმართაც, სიმფონიური პოემა ნიკოლოზ ბარათაშვილის
ლექსებზე და სავიოლინო კონცერტი
-
და ბიძინა რომანტიკოსად მოინათლა, ცეკვაფანტაზია და
ბიძინა უკვე იმპრესიონისტია, თავისი საფორტეპიანო
მინიატურებით ლამის ფალიაშვილის ხალხურობის გამგრძელებლად
გვევლინება, ბალეტი ბერიკაობა და ბიძინა
ავანგარდისტია... არადა, ყველგან ბიძინა ქმნიდა
კვერნაძის მუსიკას
-
ეს იყო და ეს. არის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი,
რომელიც ბიძინას ქართული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებულ
ადგილს ანიჭებს. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებული
სიმწვავით დადგა მსმენელისა და უახლესი პროფესიული
მუსიკის პრობლემა, გაჩნდა მრავალი შემოქმედებითი
გზაჯვარედინი და პოლარული სფერო (კომპიუტერული,
მაგნიტოფონური, სპექტროტემბრული და სხვ.). საკონცერტო
დარბაზებმა დაიწყო დაცარიელება. სწორედ ამ დროს
უაღრესად საინტერესო იყო ე. წ. ფილარმონიულ კომპოზიტორთა
მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული კომპრომისი. ეს
კომპრომისი უზრუნველყოფდა აუდიტორიის ინტერესებს
სერიოზული ჟანრის მიმართაც. იგი ითვალისწინებდა
სიმფონიური მუსიკის ჟანრში კინო და თეატრალური
მუსიკისათვის დამახასიათებელი სიმბოლიკის შემოტანას,
სიმფოჯაზთან მიახლოებულ საორკესტრო მრავალხმიან საამო
ჰარმონიულ სიმსუბუქეს, კოლორიტულ, დაბალ საყოფაცხოვრებო
მუსიკალური რიტმოლექსიკის გამოყენებას, პოპულარულ მოტივთა
ვარიანტებს და პროგრამული ტიპის გამომსახველობას. მათ
შეიმუშავეს ლამაზ საორკესტრო ხმოვანებათა მთელი არსენალი
მოცარტის, ვივალდის, ჰენდე ლის, ჩაიკოვსკის და სხვათა
საორკესტრო გამომსახველი ხერხების გამოყენებით, ხოლო
რელიგიური მუსიკის ჩანართებით მისტიკურობის კოლორიტსაც კი
მიაღწიეს. ეს თავისებური სვლა იყო მუსიკის ჰუმანური
საწყისებისაკენ. ერთი შეხედვით ბ. კვერნაძეც ამ
ფილარმონიულ კომპოზიტორთა ტიპს მიეკუთვნება, მაგრამ,
ამავე დროს, მათგან პრინციპულად განსხვავებულია, რის
გამოც მის შემოქმედებას დიდად ვაფასებ. მას არ
სჭირდება მზა რეპროდუქციები მსმენელთა გულების
დასაპყრობად. მის მიერ შერჩეული ინტონაციური წყობა,
მუსიკალური ლექსიკა ყოველთვის დახვეწილია და ამ მხრივ
იგი ყოველთვის სამაგალითოა და უკომპრომისო.
ბიძინა
კვერნაძე ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც შეუძლია
ლამაზი, გაშლილი ბიძინასეული მელოდიის შექმნა. მის
ნებისმიერ სიმფონიურ თხზულებაში შეიძლება ადამიანმა იპოვოს
საოცარი ოაზისი ჭეშმარიტად ლამაზი მუსიკისა. ასეთ მუსიკას არ
აშინებს გლობალიზაცია, რადგან იგი უმაღლეს ევროპულ
მოთხოვნებსაც უპასუხებს და, ამა ვე დროს, თავისთავადია და
ეროვნული.
ერთხელ
თურმე ცნობილმა ამერიკელმა მუსიკისმცოდნე ი. სლონიმსკიმ
შექმნა უჩვეულო აკორდი, რომელსაც დედა აკორდი უწოდა. იგი
გაუგზავნა პროკოფიევსა და ჰინდემიტს. ჰინდემიტმა დიდი მადლობა
გადაუხადა და დედა აკორდი დალოცა: დე, მალე ის ბებია
გახდესო. პროკოფიევს კი სლონიმსკისთვის მიუწერია:
ეშმაკსაც წაუღია დედა აკორდი, წერეთ მუსიკა!
მჯერა,
ბიძინა დედა აკორდს ეშმაკისათვის ვერ გაიმეტებს,
მაგრამ ისიც მჯერა, რომ მისთვის ლამაზი მუსიკა ყოველთვის
პირველადი იქნება.
<<< უკან
|