მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტოგალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

მანანა ახმეტელი

შთაგონებული ხელოვანი

 

 ბედნიერებაა,  რომ ჩვენ შორის ცხოვრობს ისეთი ნათელი  და  კეთილშობილი  პიროვნება,   ისეთი  ფაქიზი  სულიერი  წყობის  კაცი, როგორიცაა ბიძინა  კვერნაძე _ ჭეშმარიტი  ხელოვანი,  ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი.

 მკვეთრი  და  მრავალმხრივია  ბიძინას  ნიჭიერება.  რად  ღირს  ჯერ მარტო  მისი  ხალასი იუმორი,  საიდანაც  გამოსჭვივის  იმპროვიზაციული  ტალანტი,   დაუშრეტელი  მახვილგონიერება და ფანტაზია. ფრთოსანი ექსპრომტების  ავტორი  დაჯილდოებულია  უნიკალური  სემანტიკურ­ ასოციაციური აზროვნებით, სპონტანურად რომ იბადება და  აღბეჭდილია  არტისტიზმისა  და  კომედიური  ელვარებით,   აფორისტული სისხარტითა და ტევადობით.

 ბიძინა ალამაზებს ჩვენს ყოფა­ცხოვრებას,  ასხივებს რა  სინათლეს,  სიკეთეს,  სიხარულს.

 ბიძინა  რთული  პიროვნებაცაა.  ბევრმა,   ალბათ,  არც  იცის,   რომ  ეს  საოცრად  რბილი,   მორიდებული  და მშვიდობიანი  ადამიანი  ცხოვრობს  უაღრესად  დაძაბული  და  წინააღმდეგობრივი  შინაგანი  ცხოვრებით.  მშფოთვარე  სულის ხელოვანია. მას აჩრდილივით დასდევს განახლების  ჟინი და დაუკმაყოფილებლობის განცდა.

ამ უნიჭიერეს კომპოზიტორს ბევრი რამ განუცდია  თავისი  შემოქმედებითი  ცხოვრების  გზაზე  - მღელვარე  ძიებები  და  სერიოზული  ექსპერიმენტები,  განუწყვეტელი  მუშაობა  და  პროფესიული  წვრთნა,   მტკივნეული  ჭიდილი  თავის  თავთან,   საკუთარ  მრწამსთან,   ინტუიციასთან...  განუცდია  შემოქმედებითი გაორების წუთებიც. მის მაღალმხატვრულ  მუსიკალურ  აზროვნებას  ამიტომაც  ახასიათებს  მოულოდნელი  სვლები, გარდატეხები, ძვრები,  გამონათებები.

 ბევრი რამ მხიბლავს და მაღელვებს ბიძინა კვერნაძის  მუსიკაში,  უპირველესად კი, ზნეობრივი სიწმინდე,  ბავშვობი­ დან  გამოყოლილი  პირველქმნილი  სისპეტაკე,  რომელიც  მსჭვალავს  მის  შემოქმედებას  და  ვლინდება  სხვადასხვა  ჟანრის ნაწარმოებებში.

ბიძინა  დაჯილდოებულია  ღრმა  პოეტური  მსოფლშეგრძნებით,  სათავეს რომ იღებს შორეული საუკუნეებიდან,   უძველესი  ქართული  სასულიერო  მუსიკიდან.  ლაპარაკია  ამ  დიდ  საგანძურთან  სულიერ  სიახლოვეზე,   ფარულ,   გასაიდუმლოებულ კავშირებზე, გენეტიკურ კოდზე და არა  ისეთი  ხერხების  გამოყენებაზე,   როგორიცაა  დამუშავება,   ციტირება  თუ  სტილიზაცია,  რაც  ბიძინა  კვერნაძისათვის  უცხოა და მიუღებელი,  ისევე,  როგორც ტრადიციონალიზმი  და ეპიგონობა.

 ბიძინამ შექმნა თავისი სტილი,  რომელსაც ახასიათებს  რაფინირებული  გემოვნება,   ფერსავსე  ჟღერადობა  და  ხელოვანება,  სათუთი ემოციურობა.

 ბიძინამ  შექმნა  თავისი  ესთეტიკა.  ესაა  ნატიფი  გრძნობებით  და მაღალი სულიერებით აღბეჭდილი სამყარო, რომელშიც  გიპყრობს  მთრთოლვარე  ლირიკა,   გაჟღენთილი  ეპიკური  იდუმალებითა და სილამაზით. ამ სამყაროში ორგანულად  ერწყმიან ერთმანეთს ქართული საგალობლებიდან და დიდი  ევროპული  მუსიკიდან,   იმპრესიონიზმიდან  წარმოქმნილი  ელემენტები,  ესოდენ დაშორებული ტრადიციების სინთეზი  გამოხატულებას  პოულობს  უკონფლიქტო  დრამატურგიის  ფორმებში,  სივრცულ­კოლორისტულ აზროვნებაში,  რომელ­ საც  მკვეთრად ამჩნევია  ბიძინა კვერნაძის შემოქმედებითი  ინდივიდუალობის,   მისი  უაღრესად  არტისტული  და  ეროვნული სულისკვეთების კვალი. 

ბიძინა კვერნაძეს თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს  ქართულ მუსიკაში. ჰყავს მიმდევრებიცა და მიმბაძველებიც.  მის  რჩეულ  ვოკალურ,  ინსტრუმენტულ,   საოპერო  და  სიმფონიურ ნაწარმოებებს უმალვე იცნობთ კრისტალურად  სუფთა ინტონაციით,  მდიდარი და ორიგინალური ჰარმონიული  პალიტრით,  მაღალხარისხოვანი და გამომსახველი მელოსით,   მკვეთრი თემატიზმით, რაც საკომპოზიტორო შემოქმედების  დიდი  მონაპოვარია.  ქართველ  კომპოზიტორთა  შორის  მხოლოდ ერთეულები არიან დაჯილდოებული სახოვანი და  თემატური აზროვნებით. 

ერთ­ერთი მათგანია ბიძინა კვერნაძე. 

 

<<< უკან

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz