მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

ოჯახი

მეგობრები

ფოტოგალერეა

გადმოწერეთ

 

 

     
 

გივი ორჯონიკიძე

 

 ...ბიძინა კვერნაძის მნიშვნელობის არსებითი მსაზღვრელი  მისი მუსიკის პოეტიკაში უნდა ვეძიოთ. მან  ორგანულად  შეითვისა  მეოცე  საუკუნის  ფრანგული  მუსიკის,  ჯერ  რაველის და უფრო გვიან ონეგერის შემოქმედების არსებითი  თავისებურებანი.  ამასთან  ერთად,  გარდა  სერიოზული  მუსიკისა,  იგი თავგამოდებით და წარმატებითაც მუშაობდა  საესტრადო მუსიკაში. აქვე დავძენ, რომ მისი საესტრადო  სიმღერები  დღემდე არ  კარგავს  სიხასხასეს და პოეტურ  მიმზიდველობას,  სანიმუშოა სტილისტური სისუფთავისა და  განწყობილებათა ამაღლებულობის თვალსაზრისით. 

ახლა,  როდესაც, ყოველ შემთხვევაში,  მთავარი წყაროები  და ინტერესები უკვე დასახელებულია,  ჩემთვის გაადვილდება  კვერნაძის  მუსიკის  პოეტური  ბუნების  გაშიფვრა.  იგი,   უპირველეს  ყოვლისა,   ვლინდება  ამაღლებული  საწყისის  განსაკუთრებულ  გრძნობაში,   როდესაც  უაღრესად  თბილი  და კონტაქტაბელური ინტონაცია თავისუფლდება ყოფითისა  და  ეთნოგრაფიულისაგან,   გარდაისახება  მაღალი  ოცნების  ტონალობაში.  ხალხური ხელოვნებისაგან იგი ინარჩუნებს  სახასიათოსა  და  თვითმყოფადობას,   საესტრადოსაგან  კი  ღია  ემოციურობას,  რომანტიკულ  ინტიმურობას.  ის,   რაც  ფრანგული  შთაბეჭდილებებიდან  მომდინარეობდა,   მას  სინატიფეს  ანიჭებდა,  მუსიკას  გრძნობების  პოეზიით  და  პლასტიკური სილამაზის გრძნობით მსჭვალავდა.

მუსიკალური  აზროვნების  ესოდენ  მრავალგვაროვანი  წყაროების პარადოქსული კავშირი მუსიკალური გამომსახველობის  ყველა  კომპონენტზე  ახდენდა  ზეგავლენას,   აპირობებდა  ჰარმონიული  ვერტიკალების  სიმახვილეს  და  ხელს უწყობდა  მელოდიური  ხაზის  ქრომატიზებას,  ამავე  დროს,   ჰარმონიას და მოდალობას ინარჩუნებდა, რომელიც  ხალხური  პირველწყაროებისათვისაა  დამახასიათებელი.  სტილისტური  საწყისების  მრავალფეროვნება  გარკვეულ  ზემოქმედებას ახდენდა მისი მუსიკის რიტმულ ორგანიზებაზე,   ათავისუფლებდა ნახატს და მას საცეკვაო მოძრაობისათვის  დამახასიათებელ  პლასტიკურობას  სძენდა.  კვერნაძის  ორკესტრობაც საგულისხმო მოვლენაა მისი “სონორული”  სიკაშკაშის გამო.

 აქ ხომ ლაპარაკია ეროვნული კულტურის განვითარებაში  გარკვეული ეპოქის (დაახლოებით 50­იანი­60­იანი წლების  მიჯნის) შესახებ,   როდესაც  მუსიკის  დასახელებული  თავისებურებანი ისე აღიქმებოდა,  როგორც უდიდესი სიახლე. 

 ...“ცეკვა­ფანტაზია”  და,   განსაკუთრებით,  “სერაფიტა”,   ბ.  კვერნაძის  ბრწყინვალე  პარტიტურებია,   რომლებშიც  ყველაფერია:  ჭეშმარიტი  პოეზიაც, უტყუარი  საორკესტრო  ალღოც,  სახეთა  მახვილგონივრული  დაპირისპირებაც,     გზნებაც და,  რაც მთავარია, აზროვნების განსაკუთრებული  სიფაქიზე.  ახალი  ტექნოლოგიის  პირობებში  (მეორე  საფორტეპიანო კონცერტი,  ბალეტი “ბერიკაობა”) ბ. კვერნაძე,   ჩემი  აზრით,   მისთვის  უჩვეულო  სტილურ  არტახებში  მოექცა. გროტესკული საწყისის გაძლიერებამ და ბუნებრივი  ლირიკული ტონის ხელოვნურმა დამუხრუჭებამ საყრდენი  გამოაცალა,   გასაქანი  არ  მისცა  მისი  შემოქმედებითი  წარმოსახვის  ძალას.  ამ  პარტიტურებში  პირადად  მე  მომწონს ის ფურცლები,  სადაც აღმაფრენა ტექნოლოგიას  სძლევს  და  უბრუნდება  თავის  საწყისს - რომანტიკულ  სულისკვეთებას.

კვერნაძის  ოპერამ  “იყო  მერვესა  წელსა”  (1983  წელი)  დამარწმუნა,   რომ  რომანტიკული  საწყისი  ახალ  ჟანრულ­ინტონაციურ საფუძველს დაეყრდნო. კვერნაძესაც  აღეძრა  ინტერესი  იმ  მელოდიური  შრისადმი,   რომელიც დაკავშირებულია  ქართულ  საეკლესიო  გალობასთან  და  ბოლო დროს სულ უფრო მეტად იპყრობს კომპოზიტორთა  ყურადღებას.  გალობას  მართლაც  გააჩნია  თავისი  ამაღლებული  ტონუსი,  თავისებური  სამეტყველო  მანერა,   რომელშიც ფსალმოდირება  ბუნებრივად  ერწყმის  მელოდიური  გამომსახველობით აღბეჭდილ ბგერად ფორმებს.

 ბ.  კვერნაძე  არ  ღალატობს  საკუთარ  სტილურ  “მეობას”.  ავტორი  ახერხებს  საეკლესიო  გალობისათვის  დამახასიათებელი  ინტონაცია  თავის  მხატვრულ  ამოცანას  მიუსადაგოს - იქ,  სადაც საჭიროა,  სახე შეუცვალოს,  მისი  კილოურ­ჰარმონიული  სპეციფიკა  გაითვალისწინოს  და  არც თავისი ენის თავისებურებანი დაივიწყოს. ბ. კვერნაძის  ჰარმონიული ენა მუდამ გამოირჩეოდა გამომგონებლობითა  და სიფაქიზით,  რომანტიკოსებისა და ფრანგული სკოლის -  დებიუსისა და რაველის - მიღწევათა ორგანული შეგრძნებით,   ეროვნული კოლორიტის სიმკვეთრით. მისი ოპერა მდიდარია  ბრწყინვალე ინტონაციური მიგნებებით, რომელშიც ქართული  სამეტყველო ენა უჩვეულო  ჟღერადობას  იძენს  და, ამავე  დროს,  თავის ბუნებრიობას არ კარგავს.  ანდაზა  “ნუ  დააგდებ  ძველსა  გზასა”  მაშინაა  კარგი,   როცა  ეს  გზა  მიზანთან  და  სიახლესთან  მიგიყვანს.    ბ. კვერნაძის ოპერა ასეთი შემთხვევის ნიმუშად გამოდგება  - იგი კომპოზიტორის სტილის განახლებასაც მოწმობს და  გამდიდრებასაც. 

 

<<< უკან

 

 

მთავარი ბიოგრაფია შემოქმედება ოჯახი მეგობრები ფოტო გალერეა კონტაქტი

© 2008 წელი. ¹ 17 საჯარო სკოლა, ყველა უფლება დაცულია.

ვებ დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz