|
გია
ყანჩელი
ჭეშმარიტად საყოველთაო
მათთვის, ვისთვისაც ცნობილია ჩემი და ბიძინას
დამოკიდებულება, ალბათ, გასაგები უნდა იყოს, თუ საიდან
მოდის და რამდენ ხანს გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ამ
შემთხვევაში მე მხოლოდ ბიძინას არ ვგულისხმობ.
მხედველობაში მყავს ს. ნასიძე, ჯ. კახიძე, გ. ორჯონიკიძე.
მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვაპირებდი
კონსერვატორიაში მისაღები გამოცდების ჩაბარებას, ჩემს
პირველ სტუდენტურ ნამუშევრებს ვაცნობდი სულხან ნასიძეს და
ბიძინას.
სწავლის
პერიოდში, ზაფხულის თვეებში, ლიკანში ვქირაობდით მე და
ბიძინა ერთ პატარა ოთახს. იქ მუსიკალური სკოლიდან
დროებით ამოჰქონდათ პიანინო და ამ ერთ ინსტრუმენტზე
ვინაწილებდით სამუშაო დროს. აი, სწორედ მაშინ ჩაეყარა
საფუძველი ჩვენ შორის ისეთ ურთიერთობას, რასაც ჰქვია
პედაგოგის კავშირი სტუდენტთან, ახალგაზრდასთან,
მეგობართან და რომელიც საჭიროებდა დახმარებას სწორედ
ისეთი უანგარო პიროვნებისაგან, როგორიც იყო და არის ბიძინა
კვერნაძე.
გავიდა
წლები. მოსკოვში კომპოზიტორთა კავშირის სამდივნოზე სხვა
ნაწარმოებებთან ერთად მოისმინეს ჩემი Largo
და Allegro
სიმებიანი ორკესტრის, როიალისა და დასარტყამი
საკრავებისათვის. რამდენიმე გამომსვლელმა აღნიშნა ბიძინას
მუსიკის გავლენა. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ დროისათვის
ბიძინას ხელწერა უკვე გამოირჩეოდა ისეთი ინდივიდუალურობით
და იმდენად კარგად იყო ცნობილი მუსიკალურ წრეებში, რომ
ჩემს მუსიკაში მისთვის, ბიძინასთვის დამახასიათებელი
ხელწერა შეუიარაღებელი თვალით შეიმჩნეოდა. როდესაც მომეცა
საპასუხო სიტყვის საშუალება, მსმენელებს მოვუყევი ლიკანში
ჩვენი ერთად ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ
(თუ
არ ვცდები, ამ შეკრებას ბიძინა ესწრებოდა).
ბიძინა
მუდამ საქმის კურსში იყო, რაზე ვმუშაობდი, რას ვაკეთებდი,
ბევრ რამეს მისწორებდა. რა თქმა უნდა, ახლა გამიჭირდება იმ
პარტიტურების მოძიება, სადაც ზოგიერთი ადგილი მისი ხელით
იყო ჩასწორებული. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყოველი
შემოქმედის ცხოვრება გამუდმებული სიძნელეების გადალახვასთან
უნდა იყოს დაკავშირებული. მე სწორედ მაშინ ვიგრძენი იმ
სპეციალობის სირთულე, რომელიც ავირჩიე. სწორედ ამ
პერიოდიდან იწყება ჩემი მადლიერება ბიძინას პიროვნების
მიმართ.
შემდგომში, როდესაც ბიძინას დახმარების გარეშე
მიხდებოდა მუშაობა და მე თვითონ ვცდილობდი, გადამელახა ეს
სიძნელეები, ყოველ ახალ ნაწარმოებს ვასმენინებდი ჩემს
მეგობრებს და მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა,
ბიძინას.
მე
მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ერთი გარემოება
-
ბიძინას მიერ ორკესტრის, საორკესტრო ტემბრების
ბუნებრივი, ორგანული შეგრძნების უნარი, რაც სწავლით და
კარგი პედაგოგითაც ვერ მიიღწევა. მე ყოველთვის ვგრძნობ ამ
ღვთისაგან ბოძებული ნიჭის არსებობას, როდესაც ვისმენ ჩემი
თანამედროვეების მიერ დაწერილ მუსიკას. სტუდენტს შეიძლება
ჰყავდეს შესანიშნავი პედაგოგი ორკესტრობაში, გაეცნოს
მსოფლიო ლიტერატურას, თეორიულად იყოს აბსოლუტურად
მომზადებული, რათა ”დაიწყოს ურთიერ თობა” დიდ
სიმფონიურ ორკესტრთან, მაგრამ რამდენიმე ტაქტის მოსმენაა
საჭირო იმისთვის, რომ მე განვასხვაო სწავლისა და
მონდომების შედეგად აჟღერებული ორკესტრი იმ ორკესტრისაგან,
რომელიც ბუნებრივი ნიჭის მქონე კომპოზიტორმა გააორკესტრა.
ამ მიმართებით ბ. კვერნაძის “ცეკვაფანტაზიამ” ისეთივე
გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორიც XX საუკუნის სხვა ბევრმა
არსებულმა ნიმუშმა.
აგრეთვე
მინდა შევეხო მელოდიზმის პრობლემას ბ. კვერნაძის
შემოქმედებაში, რომელიც განსაკუთრებულად მიმაჩნია.
შემიძლია, შევადარო იგი კუნძულს, მხოლოდ მისთვის
დამახასიათებელი სილამაზით. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ
ქართულ სასიმღერო ჟანრში არსებობს ერთი მაგისტრალური ხაზი,
რომელიც ჩემთვის დასაბამს იღებს იშხნელების
შემოქმედებიდან, განვითარებას პოულობს გ. ჩუბინიშვილის,
რ. ლაღიძის, ა. კერესელიძის, გ. ცაბაძის, ჯ. კახიძის
სიმღერებში. მე ახლა ის ავტორები დავასახელე, რომელთა
ღვაწლი და მნიშვნელობა ქართული მუსიკის ისტორიაში
განსხვავებულია. მათ გარკვეული ეტაპები შექმნეს ამ
ჟანრში და, მიუხედავად სხვაობისა, მაინც შეიძლება
რაღაც უხილავი ძაფების მოძებნა, რომლებიც ამ
მაგისტრალური განვითარების გზას წარმოადგენენ. ამას იმიტომ
მოგახსენებთ, რომ ბ. კვერნაძის მელოდიზმი სრულიად
განყენებულია და სწორედ ამ უხილავი ძაფების აღმოჩენა რომ
მოვინდომო, ალბათ, გამიჭირდება. ეს არის მაღალი პოეზიის
ნიმუში, არაჩვეულებრივი პოეტური სამყარო, რომელიც არაფერს არ
ჰგავს.
მე არ
მიყვარს პარალელების გავლება, მაგრამ ქართულ პოეზიაში,
ლიტერატურაში, საერთოდ ხელოვნებაში, ჩემთვის მიუღებელთან
ერთად არსებობს ის პოეზია და ის ლიტერატურა, რომელსაც მე
განსაკუთრებულ თაყვანს ვცემ. ჩემთვის ასეთივე სიმაღლეებს
აღწევს ბ. კვერნაძის მუსიკის პოეტური ბუნება, რომელიც
ერთნაირად სათაყვანებელი გახდა აბსოლუტურად განსხვავებული
გემოვნებისა და შეხედულებების ადამიანებისათვის.
არ
მიყვარს ტრაფარეტული გამონათქვამები, ვერ ვეგუები, როდესაც
ხალხის სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ თუ ბიძინას
შემოქმედებაზეა ლაპარაკი, ის ჭეშმარიტად საყოველთაოა.
დღეს,
როდესაც ფიზიკურად აღარა მყავს ჯ. კახიძე, ნ.გაბუნია,
ს.ნასიძე,
გ.ორჯონიკიძე,
ბიძინას არსებობა, ბიძინას მნიშვნელობა ჩემთვის განუზომლად
დიდია. მე არასოდეს მავიწყდება ის ამაგი, ის სითბო და
სიყვარული, რომელსაც იგი ამჟღავნებდა და ამჟღავნებს ჩემი
შემოქმედების მიმართ. დამიჯერეთ, რომ კოლეგის მიმართ ასეთი
დამოკიდებულება იშვიათი მოვლენაა და რჩეულთა ხვედრია,
ბიძინა კი რჩეულებს მიეკუთვნება.
<<< უკან
|